ბედნიერების არცოდნა

ადამიანი, რომელიც მომავლისკენ თუ მომავალში მიემართება ვერც კი ამჩნევს, რომ თავად სიტყვა მომავალი მიუთითებს –  იქიდან აქეთ – თავისი წესითა და რიგით მოდის…(გაქცეული მომავალი)

ასევეა ადამიანი, რომელსაც სურს ბედნიერი იყოს …

მან იცის – აღზრდის, გარემოს, საზოგადოებისა თუ მას-მედიით განსაზღვრულ-ჩამოყალიბებული – როგორია ბედნიერება, როგორი უნდა იყოს, რა არის ამისთვის საჭირო და ასე შემდეგ …

ფაქტობრივად, ადამიანმა იცის მხოლოდ საკუთარი აზრი-წარმოდგენები ბედნიერებაზე და ელოდება თუ ოცნებობს – როდის მოხდება ისე, ცხოვრებაში ყველაფერი ერთმანეთს ისე რომ დაემთხვევა, როგორც მას სურს, ბედნიერი რომ იყოს ….

ასეთი ადამიანი ვერასდროს იქნება ბედნიერი, რადგან უბრალოდ არ იცის ბედნიერება …ისევე, როგორც მომავალისკენ მიმავალს მომავალი გვერდით ჩაუვლის ხოლმე …

რაღაც კურიოზული სიტუაცია გამოდის: დღეს, როცა ყველამ ყველაფერი ვიცით, ინფორმაციის მოპოვება ფრიად მარტივია და ყველა ყველაფერში კარგად ვერკვევით …

გამოდის, რომ ის, რაც ვიცით, მო-მავალს გვერდზე წევს და ბედნირებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია …

ალბათ, ბედნიერებასაც სწავლა უნდა, უფრო ზუსტად კი, იმის ცოდნა მაინც საჭიროა, რომ ჩვენ კი არ განვსაზღვროთ ბედნიერება თუ მომავალი, არამედ თავი შევიკავოთ საკუთარი აზრებისგან, წარმოდგენებისგან და მივცეთ საშუალება მო-მავალს მოვიდეს და ბედნიერებამ კი გაგვაბედნიეროს …

Advertisements