მსხვერპლი

„ექიმები და ფსიქოლოგები ურჩევენ მშობლებს, “დაიბრუნონ” შვილები. პირველ რიგში, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ მათ. მთავარია, აგრძნობინონ, რომ ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი არიან მათ ცხოვრებაში, უყვართ და ყოველთვის მათ გვერდით იქნებიან.“ სტატია სრულად

„დაიბრუნონ“ შვილები“ – ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს? ან სად წავიდნენ ისინი – შვილები?

არასადაც არ წასულან, აქ არიან – კომპიუტერთან(ში), ტელევიზორთან(ში), სკოლაში, ძიძასთან, დაქალისა თუ ძმაკაცის ბავშვებთან … მეზობელთან დატოვებული … სკოლაში თუ ბაღში …

აბა მშობელს სად ცალია?!

იმდენი საქმე აქვს – სახლი, სამსახური, ფართი, ივენთი, პრეზენტაცია, სემინარი, ტრენინგი, კომპიუტერი, დაღლილს ტელევიზორთან დასვენება ხომ უნდა? – კი, უნდა … აბა, ადამიანებთან ურთიერთობას ხომ არ შეწყვეტს? – რა თქმა უნდა, არა – რესტორანი, რესტორანი, ქეიფი, ქეიფი, ბარი, ბარი, წვეულება, წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი …

ხომ უნდა გაერთოს?!

აუცილებლად, სხვანაირად ცხოვრება წარმოუდგენელია …

———————-

რატომ ჰყავს შვილი, არ იცის, უბრალოდ წესია ასეთი – გვარის გამგრძელებელი, ცოცხალი სათამაშო თოჯინაც უნდა – ცოტა, ძალინ ცოტა ხნით, მერე ვიღაცას – ძიძას ან ბაღს ან სკოლას მიაბარებს … სიბერეში მომვლელი ხომ უნდა? კი, უნდა …

———————

„„დაიბრუნონ“ შვილები“ – ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?

მსხვერპლის გაღებას – შეელიოს იმ აზრებს, რომლებშიც და რომლებითაც ყველაფერი აუცილებელია, შვილის აღზრდის გარდა …

აღზრდა ხომ ხელოვნებაა … ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს …

Advertisements