ალფრედ ნობელის ანდერძი

,,მე, ქვემო ხელისმომწერი, ალფრედ ბერნჰარდ ნობელი, მოფიქრების შემდეგ ვაცხადებ ჩემს საბოლოო ანდერძს იმ ქონების მიმართ, რომელიც შევიძინე ჩემი გარდაცვალების დროისთვის.

მთელი ჩემი დარჩენილი ქონება უნდა განაწილდეს შემდეგნაირად: ჩემმა ანდერძის აღმსრულებლებმა კაპიტალი ფასიან ქაღალდებად უნდა აქციონ და შექმნან ფონდი, რომლის პროცენტებიც გაუნაწილდება პრემიის სახით მათ, ვინც გასული წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სარგებელი მოუტანა კაცობრიობას.

აღნიშნული პროცენტები უნდა გაიყოს ხუთ ტოლ ნაწილად, რომლის ერთი ნაწილი მიეკუთვნება მას, ვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ან გამოგონება ეკუთვნის ფიზიკის დარგში; მეორე ნაწილი – მას, ვინც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქიმიის დარგში; მესამე – მას, ვისაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში; მეოთხე – ვინც შექმნის იდეალისტური მიმართულების განსაკუთრებულ ნაწარმოებს და მეხუთე – ვინც ყველაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ერების შემჭიდროებაში, მონობის მოსპობისა ან არსებული არმიების შემადგენლობის შემცირებაში და ხელს შეუწყობს სამშვიდობო კონფერენციების ჩატარებას.

ფიზიკოსებსა და ქიმიკოსებს პრემიებს მიანიჭებს შვედეთის მეცნიერებათა აკადემია, ფიზიოლოგიასა და მედიცინაში – კაროლინის ინსტიტუტი სტოკჰოლმში, ლიტერატურაში – აკადემია სტოკჰოლმში, მშვიდობისათვის მებრძოლებს კი – ხუთი კაცისგან შემდგარი კომიტეტი, რომელსაც ნორვეგიის სტორტინგი აირჩევს. ჩემი ჩემი დაბეჯითებითი სურვილია, რომ პრემიების მინიჭებისას ყურადღება არ მიექცეს კანდიდატების ეროვნებას, რათა პრემია ყველაზე ღირსეულმა მიიღოს, დამოუკიდებლად იმისა, სკანდინავიელია იგი თუ არა.

ეს ანდერძი უკანასკნელი და საბოლოოა, მას კანონიერი ძალა აქვს და იგი აუქმებს ჩემს ყველა წინა ანდერძს, თუკი ასეთი გამოჩნდება ჩემი სიკვდილის შემდეგ.

და ბოლოს, ჩემი აუცილებელი სურვილია, რომ გარდაცვალების შემდეგ გამოცდილმა ექიმმა დაადგინოს ჩემი სიკვდილის ფაქტი და მხოლოდ შემდგომ დაიწვას გვამი“.

ალფრედ ბერნჰარდ ნობელი – პარიზი, 27 ნოემბერი, 1895 წ.

Advertisements