ნაწყვეტი – ერლომ ახვლედიანის ესსე “ვეძებ სამშობლოს“

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ადამიანი ხარ, თუმცაღა მომაკვდავი. მაგრამ მომაკვდავიც ხომ ცოცხალია და, მანამ ცოცხალი ხარ, ვერ გაექცევი ადამიანურ პასუხიმგებლობას. მით უმეტეს თუ უამრავი პრობლემა და ნაშთი დაგრჩა დაუხურავი. არა, მე აქ „დიდ საქმეებს“ არ ვგულისხმობ. ამ მხრივ დარღვეული მაქვს ზომები და მასშტაბები. ჩემს იდეალებს მუდამ ვეძებდი ჩვეულებრიობაში, ნორმალურობასა და შეუმჩნევლობაში. თავიდანვე ვცდილობდი, შემძლებოდა საკუთარი თავის მართვა ამ ფარგლებში. ამ „ვნებამ“ და სურვილებმა ეკლესიამდე მიმიყვანა. იგრძნო თავი სიტყვიერ ცხვრად – უდიდესი ბედნიერებაა. მაგრამ მალევე აღმოჩნდა, რომ ამ სულიერ „კიდობანში“ სხვა ამინდია ხოლო მის გარეთ – სულ სხვა. მათი გასაშუალოება, რაც დრო გადის, მით უფრო შეუძლებელი ხდება. თუ „კიდობანში“ თანდათან ურიგდები სიკვდილს და იყვარებ მას, გარეთ დარჩენილს სიკვდილის შიში გზარავს.
ეს შიში, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ფიზიკური გაქრობის შიში, რადგან მანამ ცოცხალი ხარ, შინაგანად, სიკვდილის წარმოსახვა ორმხრივ გახსნილია: შეუძლებელია, არ გაქრე და შეუძლებელია, გაქრე. ამას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გაიგებ. ამასთან დაკავშირებით, არცთუ მთლად ხუმრობით, მინდა ვთქვა: მოველი აღსასრულს, რათა საბოლოოდ დავრწმუნდე, რომ უკვდავი ვარ. მაგრამ ეს ვარაუდიც რწმენის საუფლოშია, ხოლო ჩემი შიში ერთობ კონკრეტულია და პირადი სიკვდილი უდევს საფუძვლად, და სწორედ აქ უკავშირდება სიკვდილის შიში ჩემს გაუცხოებულ სამშობლოს, რომელსაც ვეძებ.
არ მინდა მოვკვდე. მეშინია სიკვდილის მანამ, სანამ, არ ვიპოვი და როცა ვიპოვი და ვიცნობ, მშვიდად აღვესრულები.
მაგრამ იქნებ საზღვარი არ აქვს ჩემს უმადურობას?!

ესსე სრულად იხილეთ აქ

P.S.

„არცთუ მთლად ხუმრობით, მინდა ვთქვა: მოველი აღსასრულს, რათა საბოლოოდ დავრწმუნდე, რომ უკვდავი ვარ.“

ასეა კი?

ნუთუ, ადამიანს არ ძალუძს ფიზიკურ ყოფაშივე გაერკვეს უკვდავებაში?
მაშ რისთვის ვიბადებით ან …

Advertisements