გეორგ კიულევინდი – ნორმალურიდან ჯანსაღისკენ

წინასიტყვაობა, რომელიც უნდა წაიკითხოთ  —  სხვა გზა არ არის!

“განა ისედაც თავზესაყრელი საქმე არა მაქვს ცხოვრებაში, სამსახურში, ოჯახში? …შემთხვევით, ხომ არ გგონიათ, რომ საქმე გამომლევია!? ეკონომიკის ჩავარდნა, ჩემო ბატონო, ინფლაცია, ნავთობის კრიზისი, გარემოს დანაგვიანება … სწორედ ესღა მაკლია, ახლა კიდევ ცნობიერების  მდგომარეობაზე  ვიდარდო!  განა  ეს  ფილოსოფოსების,  ფსიქოლოგების,  შემეცნების თეორიტიკოსებისა და მსგავს მოცლილთა საქმე არაა? თქვენ რა, გინდათ, დავიჯერო, რომ ჩემი ცნობიერება დაავადებულია? თუმცა ხანდახან კი მეჩვენება, თითქოს ასეცაა, მაგრამ სერიოზულად განა შეიძლება ამის მტკიცება?

გულმოწყალე   მკითხველო,   ეჭვს   როგორ   შევიტან   თქვენს   სიმართლეში;   მხოლოდ   ორ პატარა ცდას შემოგთავაზებთ, თუკი საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ. საქმე ისაა, რომ, ჩემი აზრით,  ყველა  თქვენი  საზრუნავი  “ცხოვრებაში”  და  ასე  განსაჯეთ,  საკუთარ  სახლშიც  კი, დღევანდელი ცნობიერების მდგომარეობითაა განპირობებული _ დღევანდელი კაცობრიობისა და კერძოდ, თქვენი ცნობიერების მდგომარეობით. არ გჯერათ? ახლავე დარწმუნდებით ამაში.

ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ ჩემი ჯინი, ჩემი ჯადოქარი ჭინკა.

აი, ისიც აქ არის! და რაკიღა მე — “ათას ერთი ღამის” კითხვით განსწავლულმა — იგი ბოთლის  ტყვეობიდან  ვიხსენი,  შემპირდა,  რასაც  ინატრებ,  შევასრულებო.  ასე  რომ,  ვალშია  ჩემთან. მაშ, შემისრულოს:

1.   გარემოს დანაგვიანება, როგორც ასეთი, აღგავოს პირისაგან მიწისა; ჰაერი, წყალი, ტყე,  ნიადაგი  იმავე  მდგომარეობაში  დააბრუნოს,  როგორც,  ვთქვათ,  1750  წელს
იყო — როცა ი. ს. ბახი გარდაიცვალა.
2.   ნავთობის რეზერვუარები შეავსოს, წიაღისეული — კალა, ტყვია, მანგანუმი და ასე
შემდეგ — აღადგინოს, როგორც ხსენებულ წელს იყო.
3.   არავითარი ინფლაცია! ფაზები და ჯამაგირები — ისე, როგორც 1960 წელს იყო! და
ყველაფერი ეს _ ხვალ დილამდე!

ამას იგი შესანიშნავად მოაგვარებს. ერთს კი ჩაიქირქილებს, ჩემი სიტყვების გამგონე. რატომო, მეკითხებით თქვენ?
ახლა  თქვენ  თვითონ  მითხარით:  რა  გამოვა  აქედან?  რა  იქნება  მერე?  ერთი  კვირის  მერე?

ერთი წლის მერე? მოგეხსენებათ: ხვალ თუ ზეგ ყოველივე ეს ისევ იმ სახეს მიიღებს, როგორც დღესა აქვს. და რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ ჩვენი შინაგანი სამყაროს სტრუქტურა, ცნობიერება არ შეიცვალა, ფუჭია ჯადოქრის გარჯა!

“მაშ, კარგი” — მეტყვით ახლა თქვენ — “დავუშვათ, საერთოდ კაცობრიობის ცნობიერებაში მართლაც რაღაც ვერ არის რიგზე; მაგრამ ჩემი ცნობიერება ხომ სავსებით ჯანსაღია; ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ნამდვილად ვიზრუნებდი, მთელი ეს გაჭირვება უკან აღარ დაბრუნებულიყო”.

ნუ განმირისხდებით, ძვირფასო მკითხველო, მაგრამ … არ მჯერა თქვენი. არც თქვენა ხართ გამონაკლისი ცნობიერების სიჯანსაღის თვალსაზრისით. ჩვენ ყველანი ცოტ-ცოტა წავიავადმყოფებთ.

—  არა?  არ  მეთანხმებით?  კეთილი!  თუ ცნობიერება  ჯანსაღია,  მაშინ  კაცი  საკუთარი სახლის(მხედველობაში  მაქვს  ცნობიერების  სახლი)  ბატონ-პატრონი  უნდა  იყოს,  ხომ  ასეა?

თქვენ კი? მართლაც ხართ ბატონი? ისეთი რამ არასდროს ჩაგიდენიათ(ვგულისხმობ არა სამსახურებრივ, არამედ პირად სფეროს), რაც შემდეგ სანანებლად გაგხდომიათ? კეთილი! აბა, ერთი,  სულ მარტივი რამ სცადეთ. თუკი  პირადად თქვენი  ცნობიერება ჯანსაღია,  მაშინ, ალბათ, შეძლებთ სამი წუთის განმავლობაში რაიმე განსაზღვრულ თემაზე იფიქროთ ისე, რომ თემიდან არ გადაუხვიოთ: ვთქვათ, ყელსახვევზე, რომელიც გიკეთიათ. და თუ არ გიკეთიათ, გამოძებნეთ რაიმე, რაც შეიძლება მეტად მოსაწყენი საგანი, სცადეთ! მაშ, სამი წუთის განმავლობაში იფიქრეთ მხოლოდ ყელსახვევზე! შევთანმხდით?

… … …
კი, მაგრამ, ჩემო კარგო, როგორ აღმოჩნდით უცებ აზორის კუნძულებზე? რა კავშირი აქვს აზორის კუნძულებს ყელსახვევთან? ჩანს, თქვენი ცნობიერების სრული უფალი ჯერ მაინც ვერა ხართ.

ნუ აღელდებით! მარტო თქვენ როდი ხართ ამ დღეში. თქვენ ამ სისუსტეს მთელ რიგ პროფესორებთან,  პოლიტიკოსებთან  და  ყველა  “ჭეშმარიტ  პრაქტიკოსთან”  იზიარებთ.  როგორც ჩანს, აღწერილი სიტუაცია დღევანდელ სამყაროში, ჩვენს ცივილიზაციაში სწორედ მათი წყალობით მივიღეთ. და თუკი ყოველი მათგანი, ისევე, როგორც ეს თქვენ შემთხვევაში აღმოჩნდა, საკუთარ  ცნობიერებას  არ  ფლობს,  მაშინ  …  მაშინ  რაღა  გასაკვირია,  რომ  ზოგი  რამ,  რასაც ისინი აკეთებენ ან რისკენაც მოგვიწოდებენ, კეთილგონიერებიდან კი არ მომდინარეობს, არამედ …

დიახ, ახლა კი საქმე მართლაც სერიოზული ხდება. მაგრამ მე ვფიქრობ, მთელი ამ პრობლემატიკის  მიზეზი  ისაა,  რომ  ჩვენ  არ  ვიცით,  ვინ  არის,  რას  წარმოადგენს  ადამიანი,  როგორც  ასეთი. და ეს არ ვიცით იმიტომ, რომ ჯეროვანი წარმოდგენა არ გვაქვს ადამიანის სიტყვის, ადამიანის მეტყველების და საერთოდ,  სიტყვის შესახებ. ამიტომაა სიტყვასთან ჩვენი კონტაქტი ესოდენ  გაძნელებული:  სპონტანურად(უშუალოდ)  სწორი  სიტყვის  მიგნების  უნარი  ჩვენ  არ გვაქვს,  ან,  თუ  გვაქვს  _  მხოლოდ  იშვიათ  შემთხვევაში.  ყველაფერი,  რასაც  ჩვენ  ერთმანეთის მიმართ, ერთმანეთისთვის თუ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ვიქმთ _ მეტყველებაა, ან, ყოველ შემთხვევაში, მეტყველება უნდა იყოს. ჩვენ კი ყველაფერი გვაინტერესებს, გარდა სიტყვისა, რომლითაც და რისი შემწეობითაც ვიქმთ ყველაფერს. და ვინაიდან არ ვიცით, რა არის სიტყვა, არც ის ვიცით, ვინ არის ადამიანი. ხოლო, თუ არ ვიცით, ვინ არის ადამიანი, არც ის გვეცოდინება, რა არის ადამიანისთვის სასიკეთო და რა არა(ჩვენს “ინსტინქტებს” ამ საკითხში, ასე ჩანს, ვერ  დავეყრდნობით).  მაშ,  რა  გასაკვირია,  რომ  საქმე  მრუდედ  მიდის?  თან  კიდევ,  ჩვენ  არ  გვიყვარს გარჯა, თავის შეწუხება. ყოველი ჩვენთაგანი ფიქრობს: “ჩემი და მთელი ქვეყნიერების სასიცოცხლო პრობლემების მოსაგვარებლად მე ისედაც საკმაოდ კეთილი და ჭკვიანი ვარ და რაღა საჭიროა, რომ რაღაც განსაკუთრებულ ღონისძიებებს მივმართო?! კეთილი და პატიოსანი,  მაგრამ …  დიდ  ხელოვანთ  ყოველდღიურად  საათობით  ვარჯიში  სჭირდებათ;  ჩვენ  კი  —  ჩვენ, ვინც შემეცნებისა და ზნეობრივი საკითხების სფეროში, იქნებ, სულაც არა ვართ ესოდენ დიდი ვირტუოზები — რამდენ ხანს ვანდომებთ ჩვენს ვარჯიშს ამ საყოველთაო-ადამიანურ სფეროში?

უკვე  ჩამესმის:  მსოფლიო  მოსახლეობის  ორი  მესამედი  შიმშილობს,  აქეთ  ატომური  ომის საფრთხეა, იქით — სამეურნეო კრიზისი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შენ გინდა ძვირფასი დრო და უძვირფასესი ძალები ასეთ არაპრაქტიკულ რამეებში ვფლანგო? განა ეს მორალურად გამართლებულია?!” მე კი, აი, რას ვფიქრობ: ეს რომ ასეა, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ ომი, შიმშილობა, ჭარბწარმოება და ასე შემდეგ, გვემუქრება, ეს ჩემნაირმა არაპრაქტიკულმა ადამიანებმა კი არა, არამედ სწორედ “პრაქტიკოსებმა” მოიმოქმედეს, მათ დაუშვეს ასეთი რამ. ასე რომ, იქნებ უმჯობესი ყოფილიყო, ბრმად არ მივნდობოდით ამ პრაქტიკოსთა სიტყვას — ყოველ შემთხვევაში, ამით, ალბათ, არაფერს წავაგებდით. და იქნებ სულაც იმიტომაც მოზღვავდა ეს საშიშროებები,  რომ  ამ,  ეგრეთ  წოდებულ,  პრაქტიკოსთა  გარემოში  და  საერთოდ,  მთელს მსოფლიოში  ჯეროვანი  ყურადღება არ ეთმობა  შემეცნებითი  და  მორალური  უნარის  წვრთნას და ის განუვითარებელი რჩება …

სხვათა  შორის:  თქვენი  მორალური  მოსაზრებები  დროისა  და  ძალების  ფლანგვასთან  დაკავშირებით ბევრად უფრო საფუძვლიანი  აღმოჩნდებოდა,  თუ ამას კინოთეატრებში  და ფეხბურთის მოედნებზე განაცხადებდით, ანდა კარტის თამაშისას გაგახსენდებოდათ.

რაო? როგორ ბრძანეთ? მსოფლიო შიმშილობსო? … და თქვენ თამაშობთ, ან კრიმინალურ და პორნოგრაფიულ ფილმებს უყურებთ? ასე არაა?

ახლა კი, ვფიქრობ, დროა, საქმეს შევუდგეთ.

თავდაპირველად  შევეცადოთ,  ფენომენოლოგიურად  დავადგინოთ,  რას  მოიცავს  ცნობიერება,  ანუ  მისი  აღწერა  ჩავატაროთ.  შემდეგ  ცნობიერების  დაავადების  ზოგად  სიმპტომთა კვლევას შევუდგებით. ამას მოჰყვება მცირედი ფსიქოლოგია _ შემდგომში შემოთავაზებული ჰიგიენური ღონისძიებების არსის გაგების ხელშესაწყობად. შემდგომ ამისა მათთვის, ვისაც საკუთარ  ცნობიერებაზე  არა  მხოლოდ  ჰიგიენური  ზემოქმედების  მოხდენა  სურთ,  არამედ  მისი განვითარებაც სწადიათ, მოკლედ ცნობიერების სავარჯიშოებთან დაკავშირებულ მითითებებს შევეხებით. დასასრულ, ადამიანის თავისუფლების პერსპექტივაა წარმოდგენილი.

ნაწყვეტი წიგნიდან „ნორმალურიდან ჯანსაღისკენ“

წიგნი სრულად იხილეთ აქ: გეორგ კიულევინდის წიგნიდან „ნორმალურიდან ჯანსაღისკენ“

Advertisements