დრო და თავისუფლება

– საით მიდის დრო?

– უკან …

– …

– დაბადებისთანავე ჩავრთავთ, ჭადრაკის საათივით …

– და ვინ აჩერებს მერე?

– ჩვენ ვერა …

– ესე იგი, თავისუფლები არა ვართ?

– ვართ …

– ამ წამს გაჩერდება საათი თუ … ამას ხომ რაღაც განაპირობებს?

– წარსული და მომავალი …

– …

– წარსული ამ წამისთვის იყო …

– …

– მომავალიც ამ წამისთვისაა … ოღონდ „მო-მავალი“, რაც ჩემს შემხვედრად მოდის (იქიდან აქეთ) და არა რისკენაც მივდივარ (როგორც მიღებულია ცნება „მომავალი“ – მივდივარ „მომავლისკენ“ – პირიქით ის მოდის) … სხვანაირად მე მხოლოდ კომფორტს და გართობას ავირჩევ და იმისკენ წავალ … ის მოდის ყველაფერი იმით რაც მე ვარ, თავისი ტკივილით, დარდითა თუ …

– სიხარული? გახარება, სასიამოვნო ამბები და ასე შემდეგ ეგეც ხომ …

– ეგ უბრალოდ წარსულის შედეგია …

– აბა, რა მოდის მო-მავლიდან? მარტო დარდი, ტკივილი …

– ის, რაც დაბადებამდე დავისახე მიზნად …

– და რომ არ მახსოვს?

– ეს არ ნიშნავს რომ უმიზნო, უაზრო ან რაიმე მსგავსია ვინმეს ცხოვრება … თუნდაც აბორიგენი, რომელსაც არაფერი გაგება, ისიც არ დაბადებულა ტყუილად …

– …

– ბუდა, ერთერთი ინკარნაციის დროს ბრმად და ყრუდ დაიბადა … ეს მან თავად განაპირობა, მასვე სჭირდებოდა …

– მაშინ სადაა თავისუფლება?

– აქ და ამ წამს, ის ყოველ წამს ხელახლა მოსაპოვებელია …

– როგორ? და სად აქ?

– სად აქ? – სადაც ყველაზე თავისუფლები ვართ, და მომდევნო მომენტში უკვე არათავისუფლებაა …

– ანუ?

– აზროვნებაში … იქ, სადაც ვქმნით, ვაკეთებთ რაც გვსურს, ოღონდ მომდევნო წამს, იგივე აზრი აჩემება ხდება, ვერ ვთავისუფლებით მისგან … და იწყება, ისეთია, ასეთია, ეს ასეა, სხვანაირად არ შეიძლება … ის მართლმადიდებელია, ის კათოლიკი, ცუდია, კარგია, იმ კუთხის შვილია …

– …

– სიკეთის მსგავსად … ბოროტება ხომ არასათანადო ადგილზე გამოვლენი სიკეთეა …

– …

– ის რასაც ახლა კითხულობ თუ  მიიღე როგორ წესი, კანონი ან … უკვე, აჩემება გახდება და თავისუფლება ვერ იქნება … ეს უბრალოდ მაგალითია …

– და დრო?

– დრო მიდის … უფრო ზუსტად მოდის … სულ უფრო ცოტა დრო რჩება …

Advertisements